logo
ENG



სამნიძე: დარწმუნებული ვარ, იქნება დოკუმენტი, რომელზეც მხარეები იტყვიან "ქვეყანამ გაიმარჯვა"

29 მარ 202119:50
3 წუთის საკითხავი
 
სამნიძე: დარწმუნებული ვარ, იქნება დოკუმენტი, რომელზეც მხარეები იტყვიან "ქვეყანამ გაიმარჯვა"
ვახო ქარელი/ფორმულა

რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ მოლაპარაკებების ბოლოს შეიქმნება ისეთი დოკუმენტი, სადაც განხილული იქნება ორივე მხარის მოთხოვნები. 

როგორც სამნიძემ ევროპელ დიპლომატთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას სჯერა, რომ ამ დოკუმენტის საფუძველზე ქვეყანა კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროატლანტიკური მიმართულებით. 

"ყოველთვის ვსაუბრობ, ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას. როცა ვსაუბრობთ კომპრომისებზე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან საკითხები ჯერ არის განხილული და შეთანხმებული... 

დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოლაპარაკებების ბოლოს შეიქმნება ისეთი დოკუმენტი, სადაც განხილული იქნება ორივე მხარის მოთხოვნები. დარწმუნებული ვარ რომ იქნება კომპრომისული ვერსია, რომ ვერც ერთი მხარე ვერ იტყვის გაიმარჯვა თუ დამარცხდა, ორივე მხარე ვიტყვით, და იმედი მაქვს რომ ამას შევძლებთ, რომ გაიმარჯვა ამ ქვეყანამ და მტკიცე ნაბიჯი გადადგა ევროატლანტიკური მიმართულებით", - ამბობს ხათუნა სამნიძე.  

შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მან ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრები დღეიდან დაიწყო. 

დანიელსონის თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. 

ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა. 

ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს. 

  • რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ

ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, არ შესრულდება.


close დახურვა